e2aa0faa15c85d00b60cefcf3d9fdf05

აქ ხალხი უფრო ლამაზია, ღვინო-უფრო წითელი და მთები-უფრო მაღალი.

უკვე რამდენიმე გახმაურებული რომანის ავტორი იყო, როცა 40 წლისამ კავკასიაში მოგზაურობა გადაწყვიტა. 1899 წელს რუსეთის გავლით ჩავიდა კავკასიაში. სავარაუდოდ, ეს იყო საქორწინო მოგზაურობა და ,,თაფლობის» თვეც, რადგან თან ახლდა ახალშერთული ახალგაზრდა მეუღლე ბერგლიუტ ბეხი (რატომღაც მას სახელით არსად მოიხსენიებს, ხან ,,ჩემი ქალბატონია», ხან ,,ძვირფასი ქალბატონი»).  შთაბეჭდილებები გადმოცემულია 1903 წელს გამოცემულ წიგნში ,,ზღაპრულ სამეფოში». ოცნებები და შთაბეჭდილებები კავკასიაზე», რომლის ავტორი ,,ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე გამოჩენილი და ყველაზე საკამათო»  ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალი კნუტ ჰამსუნია.

ჰამსუნი მეუღლესთან ერთად პეტერბურგში ჩავიდა და იმავე საღამოს მატარებლით გაეშურა მოსკოვისკენ. მეორე დღეს კი იმავე მატარებლით გაემგზავრა შემდეგი მარშუტით: მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვი-არმავირი-პიატიგორსკი-ვლადიკავკაზი.  როგორც კი ჩავიდა ,,კავკასიის მფლობელ ციხე-ქალაქში», ოთხთვალა ეტლით თბილისისკენ აიღო გეზი.

თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობის დღიურში ინიშნავდა. აი, როგორ აღწერს ჰამსუნი ყაზბეგთან შეხვედრას:  ,,უცებ, გზის მკვეთრ მოსახვევთან, ხელმარჯვნივ, ხეობა გაიხსნა და თვალწინ აღიმართა ყაზბეგი-თავისი მზეზე მოლაპლაპე მყინვარით. სულ ახლოსაა, ხელის გაწვდენაზე, მშვიდი, უსასრულო, მდუმარე.  უცნაური გრძნობა გვეუფლება: მთა-გოლიათი გამოეყო სხვა მთებს, ახლოს მოვიდა და გვიყურებს-როგორც სხვა სამყაროდან გადმოსული არსება. ჩამოვხტი ეტლიდან, ხელით ჩავაფრინდი ეტლის კიდეს და ვუყურებ ყაზბეგს. თავბრუ მეხვევა, თითქოს მოვწყდი მიწას, თითქოს გრიგალმა ამიტაცა, წავედი მაღლა-მაღლა და ღმერთის პირისპირ აღმოვჩნდი… ადრეც ვყოფილვარ მთებში, მაგრამ არსად მიგრძნია, რომ ფეხქვეშ მიწა გამომცლოდეს».  gergeti_4

დასახლებულ პუნქტ კობში ერთი ღამით ჩერდება და ბუნებით აღფრთოვანებულ მწერალს ღმერთი და მისი ქმნილი ფიქრებს აუშლის: ,,მე, რომელსაც ბევრი სხვა ადამიანისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კიდევ არ მაქვს ურთიერთობა ღმერთთან გარკვეული,  ვზივარ აქ და ღმერთსა და მის ქმნილებაზე ვფიქრობ. ახლა, გონებით მოუწვდომელ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. ეს უძველესი მხარე, სადაც დამნაშავეებს ასახლებდნენ, თურმე ყველაზე განსაცვიფრებელი მხარე ყოფილა დედამიწაზე. ვიძირები საკუთარ თავში და ნეტარებისგან ათრთოლებული, ხმამაღლა ვლაპარაკობ».

მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში კნუტ ჰამსუნი აღფრთოვანებულია ბუნების საოცრებებით და საკუთარ თავსაც უსვამს რიტორიკურ შეკითხვას: ვინ უკეთ ცხოვრობს-ევროპელები და იანკები თუ კავკასიელები?

,,მთვარე უკვე გამოჩნდა ცაზე, თუმცა ჯერ დღის ხუთი საათია.  მზე და მთვარე ერთად ანათებს. თბილა. ეს ქვეყანა ადრე ნანახ არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს.  და კვლავ იმავეს ვფიქრობ-შემეძლო, მთელი სიცოცხლე აქ გამეტარებინა. ისე დაბლა დავეშვით, რომ კვლავ გამოჩნდა ვენახი, ტყეში-კაკლის ხეები. მზე და მთვარე კაშკაშებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. ბუნების ზღაპრული სილამაზე ადამიანს თრგუნავს. ისიც კი, ვინც აქაურია და ყოველდღე უყურებს ამ სილამაზეს, გაკვირვებას ვერ მალავს.. აქ მცხოვრები ხალხისთვის უცნიბია ნიუ-იორკის ბირჟის ავადნყოფობა-კირსის აწევა და დაცემა. აქაურის ცხოვრება იპოდრომზე გამართულ დოღს არ ჰგავს. განა შეიძლება იმის მტკიცება, რომ ევროპელი და იანკი კავკასიელზე მაღლა დგანან? ღმერთმა უწყის. ეს ისეთივე სადავო საკითხია, რომ უფლის მეტი ამაზე პასუხს ვერავინ გასცემს».

გზაზე ქართულ სოფლებს ათვალიერებს, ყველაფერს საგულდაგულოდ ინიშნავს: ,,თვითონ უფალმა აქაურ სოფლებს და ველებს მთების სახით საიმედო დაცვა დაუყენა.  ყიველი სოფელი ერთმანეთისგან გადაბმული სახლების კომპლექსია, სახლები კლდეშია გამოძერწილი. აქ არც ქუჩაა და არც გზა, სახლი სახლს კიბით უკავშირდება, თითქოს თაროებიაო, კლდეზე კიდია ერთიმეორის მიყოლებით…»

ანანურიდან დუშეთისაკენ მიმავალ გზაზე ხარბად ათვალიერებს ყველაფერს, სადღესასწაულო ლანდშაფტს უწოდებს გზისპირას გადაშლილ ველს: ,,ქალებს მხრებზე შედგმული კოკებით წყალი ამოაქვთ არაგვიდან.  არაგვმა თითქოა არ იცის, საით იდინოს,  გზია ძებნაში უცნაურად იკლაკნება, ხან წინ მიდის, ხან უკან ბრუნდება.. ამ ქალებმა განწყობა საგრძნობლად გამომიკეთეს. წამიკითხავს, კავკასიელი ქალები თვალტანადობით ვერ გაგაკვირვებენო, მაგრამ ამ ქალებს ვერც თვალტანადობას დაუწუნებ, ვერც მოხდენილობას და მათი სიარულის მანერა ხომ შეუდარებელია. კოკა მხრებზე უდგათ, თავისუფალი ხელი კი წელზე შემოუვლიათ, მსგავსად ბერძნული ან იტალიური მანერისა. ასეთი სანახაობა არასოდეს გვინახავს, არაჩვეულებრივი გრაციის ქალები არიან, მიდიან, თითქოს მირონინებენ…»

მცხეთაში ცოტა ხანს ჩერდება.  იცის, რომ საქართველოს ძველი დედაქალაქია.  ვიდრე სამოგზაუროდ წამოვიდოდა, უამრავი წიგნი გადაიკითხა და კავკასიაზეც დასაქართველოზეც მნიშვნელოვანი ცნობები მოიძია. თბილისთან შეხვედრას კი ასე აღწერს: ვუახლოვდები თფილისს. გზა სულ მტკვრის ნაპირს მიჰყვება. მტკვარი დიდი და ლამაზი მდინარეა… შორიდან გამოჩნდა ტიფლისი-თითქოა წერტილებია მიმოფანტულიო, რაღაც თავისებური სამყაროა. თავზე ბურუსი ადგას. აი ისიც-ქალაქი, რომლის შესახებ წერდნენ რუსი პოეტები, ქალაქი, რომელიც ბევრ რუსულ რომანშია ნახსენები. უცებ ჭაბუკად ვიგრძენი თავი, განცვიფრებული აქით-იქით ვიყურები და საკუთარი გულისცემა მესმის…»_MG_4479-01

იმდროინდელი ქალაქის ზოგიერთი უბანი ქალაქის შთაბეჭდილებას ახდენდა, მისი დიდი ნაწილი კი ის-ის იყო განვითარებას იწყებდა. მწერალი მაინც ეგზოტიკური და უჩვეულო უბნით დაინტერესდა: ,,ერთმა უბანმა ისე მოგვხიბლა, რომ მრავალჯერ ვეწვიეთ-ეს აზიური უბანია. ტფილისში არია სარკიანი ვიტრინები, კონკები, თეატრი-ვარიეტე, ბატონები და ქალბატონები, ევროპულად ჩაცმულ-დახურულნი, აზიური უბანი სხვა არის. აქაურ ქუჩებს, კაცმა რომ თქვას, ქუჩებს ვერ დაარქმევ: შესახვევი, ჩიხი, კიბე.  ესაა და ეს. კიბე აქ სახლს სახლთან აკავშირებს-გვერდიდან, ზევიდან, ქვევიდან. დუქნებში სხვადასხვა ტომის ხალხი ვაჭრობს: და რა საოცარ ნივთებს ჰყიდიან! თეირანსა და კონსტანტინოპოლში ვაჭრობას სპარსელები და თურქები ეწევიან.  აქ კი ყველა, ყველა, ვინც კავკასიაში ცხოვრობს: სპარსელი, ქურთი, სომეხი, არაბი, თურქმენი, პალესტინელიცა და ტიბეტელიც. აქ სიმშვიდეა, არავითარი ფუსფუსი. აღმოსავლური უშფოთველობა მომხიბლველია.. დუქნების პატრონები მწვანედოლბანდიანი პორები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რიმ მათ სამჯერ ნახეს წინასწარმეტყველის საფლავი, ყოფილან მექაშიც. ერთი სიტყვით რჩეულ-საზოგადოებაში მოვხვდით, სადაც ყველას დიდი ღირსებით ეჭირა თავი».

თბილისში ყოფნისას მწერალი გამუდმებით პარალელს ავლებს აქაურობას და მსოფლიოს სხვა ქალაქებს შორის.  მოსწონს აქაური წყნარი და აუჩქარებელი ცხოვრება-დაშორებული ქვეყნიერების ფაციფუცს: ,,აქ  მყუდროებაა, ირგვლივ კი თანამედროვე სავაჭრო ქალაქისთვის დამახასიათებელი რუზუზი. იშვიათად აქ ხმამაღალი ლაპარაკი ან წამოყვირება გაიგონოთ. ხმადაბალი საუბარი, თავის ოდნავ დაკვრა, და მორჩა.  აზიურ უბანში ქალი თითქმის არ სჩანს. მაგრამ ზოგჯერ ნახავ ერთმანეთთან მოსაუბრე ორ ქალს, რომლებსაც ხელში ბავშვები უჭირავთ, ისინიც თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობენ. სომხები არიან გამონაკლისნი.  დგანან დუქანში და ხმამაღლა აქებენ თავიანთ იარაღს. და აშკარად ატყუებენ მყიდველს. ატყუებენ აქაც და სხვაგანაც. ებრაელს შეუძლია ათი ბერძენი გააბრიყვოს, სომეხი ათ ბერძენსაც გააბრიყვებს და ამდენივე ებრაელსაც. ასე ამბობენ აღმოსავლეთში. 

ამ მოგზაურობის შესახებ ნობელიანტი მწერალი მეგობარს სწერდა:  ,,ამაზე გასაოცარი და შესანიშნავი ზღაპარი ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს იქნება. ეს სხვა სამყაროა, სადაც ხალხი უფრო ლამაზია, ღვინო-უფრო წითელი და მთები-უფრო მაღალი: და მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს ღმერთი ცხოვრობს მუდამ…»

კნუტ ჰამსუნს კავკასიური შთაბეჭდილებები თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიაჩნდა, თუმცა ნობელის პრემია მიიღო რომანისათვის ,,მიწის წვენი».

ასი წლის შემდეგ ორმა ნორვეგიელმა ჟურნალისტმა მწერლის გზა გაიარა, რათა ,,მოეძებნათ ზღაპრული სამეფო».  და იპოვეს კიდეც, რის შესახებაც გვიამბეს მოგზაურობის ჩანაწერებში ,,ზღაპრულ სამეფოში-ასი წლის შემდეგ».  ,,არ შეგვისვამს თერგის, არაგვისა და მტკვრის წყალი, მაგრამ შევეცდებით კვლავ მოვხვდეთ აქ. ეს არის ზღაპარი, განუმეორებელი და მკაცრი.

175px-Hamsun_bldsa_HA0341

 

✔ ელზა ნაბახტეველი